,,Cybertruck’’ - ტესლას პირველი ელექტრო პიკაპი

,,Cybertruck’’ - ტესლას პირველი ელექტრო პიკაპი

25/11/2019

ილონ მასკმა ტესლას პირველი ელექტრო პიკაპი ,,Cybertruck’’ წარადგინა. ახალი მოდელი 2021 წლის მეორე ნახევრიდან გაიყიდება და მისი საწყისი ფასი 39 900 დოლარი იქნება.


ტესლა პიკაპის სამ მოდელს გამოუშვებს. პირველი მათგანი, დამუხტვის შემდეგ 400 კილომეტრს გაივლის. მოდელი, რომელიც ორი ძრავით იქნება აღჭურვილი 480 კილომეტრის გავლას შეძლებს. ყველაზე ძვირადღირებული სამძრავიანი პიკაპი დამუხტვის შემდეგ 800 კილომეტრს გაივლის.


ლოს ანჯელესში გამართულ პრეზენტაციაზე მასკმა პიკაპის გამძლეობის დემონსტრირება მოახდინა. მთავარმა დიზაინერმა, პიკაპს ურო ჩაარტყა, მაგრამ ამან ვერაფერი დააკლო მანქანას. თუმცა პიკაპის ფანჯარა ფოლადის ბურთის სროლის შემდეგ გაიბზარა.


ელექტრო პიკაპში ექვსი ადამიანის ადგილი იქნება. მსურველებს მისი წინასწარ შეკვეთა უკვე შეუძლიათ.